კომაროვის საზაფხულო სკოლა!

კომაროვის სკოლაში ახალი ბრენდული პროექტი შეიქმნა!

კომაროვის საზაფხულო სკოლა ინოვაციური პროექტია, რომელიც 2018 წლის ზაფხულში (29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით) პირველად განხორციელდა. საზაფხულო სკოლაში, ბაკურიანში პირველ ეტაპზე სკოლის სხვადასხვა კლასის 60-მდე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე გაემგზავრა. სკოლა მთლიანად არის აგებული ბრიტანული საზაფხულო სკოლების მოდელზე, თუმცა ადაპტირებულია ჩვენი მოსწავლეების საჭიროებებთან და ინტერესებთან. 

საზაფხულო სკოლაში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, უფრო ახლოს გაეცნოთ თანასკოლელები, დასწრებოდნენ ძალიან საინტერესო ლექციებს, მიეღოთ ახალი ცოდნა, ამასთან ერთად კი ჩართულიყვნენ სპორტულ, გასართობ, შემოქმედებით და სოციალურ აქტივობებში და ზაფხულის ერთი კვირა სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაეტარებინათ. მოსწავლეები ასევე ეწვივნენ აბასთუმნის ობსერვატორიას და ასტრონომიაზე პოპულარულ ლექციასაც მოუსმინეს. საზაფხულო სკოლის მთავარი მიზნები კი მოსწავლეების შრომისა და მონდომების აღიარება, მათი მოტივაციის გაზრდა და სოციალური განვითარების ხელშეწყობა იყო. მოსწავლეების უკუკავშირმა აჩვენა, რომ საზაფხულო სკოლის მიზანი მიღწეულია და ის კომაროვის წარმატებულ პროექტთა შორის დაიკავებს ადგილს.

კომაროვის საზაფხულო სკოლის იდეა 2018 წლის კურსდამთავრებულს, გიგი გიორგაძეს ეკუთვნის. მან და მისმა მეგობრებმა, ასევე 2018 წლის კურსდამთავრებულებმა (ილონა აკოფოვმა, გიორგი როგავამ, სალომე ლომაძემ, ნინი მახარაძემ, კახი ქურასბედიანმა, ანანო თორიამ, გიორგი ჩხაიძემ, ლევან შაყულაშვილმა, ნინო კურტანიძემ და ანი ფიროსმანიშვილმა), ერთად დაგეგმეს საზაფხულო სკოლის აკადემიური და სოციალური პროგრამა, ხოლო შემდეგ, სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, ის მაღალ დონეზე განახორციელეს. კომაროვის სკოლა მადლობას უხდის პროექტის მთელ გუნდს გაწეული სამუშაოსა და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

კომაროვის სკოლა ახალი ინოვაციური პროექტის გაფართოებასა და განვითარებას გეგმავს. შემდეგში ის უკვე სხვა სკოლების მოსწავლეებსაც მიიღებს და განსხვავებულ, საინტერესო და გამორჩეულ პროგრამებს შესთავაზებს.



ზემოთ